პარლამენტის მიმართულებით „მამების მარში“ და კალათბურთელების გაერთიანებული მსვლელობა დაიწყო - Palitra News

პარლამენტის მიმართულებით „მამების მარში“ და კალათბურთელების გაერთიანებული მსვლელობა დაიწყო

2024-12-19 20:26:59+04:00

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მამების მარში დაიწყო.

როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება, ხელახალი და სამართლიანი არჩევნები და ევროინტეგრაცია.

“ეს ურჩევნია მამულსა, შვილნი გვჯობნიან მამებსა!”, - ასეთი შინაარსის ბანერები აქვთ მამებს მარშზე.

ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მამების აქციას შეუერთდნენ კალათბურთის მოყვარულები და კალათბურთელებიც.

როგორც მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, კალათბურთელმა ნიკა მეტრეველმა განაცხადა, “ მიუღებელია პოლიციური რეჟიმი” , რასაც მოქალაქეები არ შეეგუებიან.

“დღეს ერთ-ერთი ისტორიული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რადგან ასეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. როგორც წინა მთავრობა ძალადობდა , იმავეს აკეთებს ეს მთავრობა. ყოვლად მიუღებელია პოლიციური რეჟიმი, ჩვენ ამას არ დავნებდებით. ასევე ვითხოვთ ყველა დაკავებულის გათავისუფლებას”, - განაცხადა ნიკა მეტრეველმა.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.