* ენდი უორჰალი –
მართალია, 1960–აინ წლებში აქტუალური მიმდინარეობის პოპ–არტის წამყვანმა მხატვარმა ენდი უორჰალმა პირველ რიგში "კემპბელის წვნიანის ქილების" და მერლინ მონროს პორტრეტის წყალობით გაითქვა სახელი, მაგრამ სინამდვილეში მისი შემოქმედებითი ცხოვრება ბევრად უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი იყო, რადგან უორჰალი ერთნაირად ინტერესდებოდა როგორც ფერწერითა და გრაფიკით, ისე კინოთი, ტელევიზიით, მუსიკითა და ჟურნალისტიკით.
* * *
ენდი ვარჰოლა 1928 წლის 6 აგვისტოს დაიბადა პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში ავსტრო–უნგრეთის იმპერიიდან ემიგრირებული, წარმოშობით ჩეხი ანდრეი ვარჰოლასა და იულია პავაცკაიას მრავალშვილიან ოჯახში. უორჰალის მშობლები მორწმუნე კათოლიკეები იყვნენ, ამიტომ შვილებიც რელიგიური წეს–ჩვეულებების მკაცრი დაცვით აღზარდეს. ღრმად მორწმუნედ და ნამდვილ კათოლიკედ მიიჩნევდა საკუთარ თავს უორჰალიც, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღე დადიოდა ეკლესიაში და არასდროს ტოვებდა სადღესასწაულო ლიტურგიას, ხატწერის გავლენა კი, რომელიც მხატვარმა განიცადა, ნათლად გამოვლინდა მის შემოქმედებაში.
გვარი ვარჰოლამ შემთხვევითობის წყალობით შეიცვალა, როცა ერთ–ერთი პირველი გამოფენისთვის მზადებისას, ორგანიზატორებმა შეცდომით დაწერეს მისი გვარი ნახატზე, თუმცა თვითონ ისე ძალიან მოეწონა, რომ სწორედ უორჰოლად გადაწყვიტა მისი გადაკეთება.
* * *
კარიერა უორჰალმა, რომელმაც მოგვიანებით "პოპ–არტის მეფის" სახელი შეიძინა, ფეხსაცმლის სარეკლამო ილუსტრაციებით დაიწყო კარნეგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გრაფიკული დიზაინერის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ.
სადებიუტო ნამუშევარი უორჰალმა 1949 წელს შეასრულა ჟურნალ Glamour–სთვის, 1951 წელს კი, ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდის Miller–ის სარეკლამო პოსტერებზე იმუშავა და ჯერ მელნით ექსცენტრიკულ სტილში დახატა ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მერე კი, შეგნებულად დაიტანა მელნის ლაქები. იმ პერიოდისთვის ინოვაციურმა სარეკლამო კამპანიამ გაამართლა, რადგან ბრენდმა ერთი–ორად გაზარდა გაყიდვები.
* * *
მართალია, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს უორჰალის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილ ნამუშევარზე "კემპბელის წვნიანის ქილებზე", ყველა ქილა ერთნაირია, მაგრამ სინამდვილეში, წვნიანს განსხვავებული გემო აქვს, უარჰალმა კი, სწორედ 32 გემო გადმოსცა საკუთარი ნამუშევრით. აღსანიშნავია, რომ მხატვარმა ყველა ქილა სათითაოდ დახატა, ერთიან კომპოზიციად 32 ელემენტი კი, მისი აგენტის წყალობით გაერთიანდა.
შეკითხვას, რატომ დაინტერესდა მაინცდამაინც "კემბელის წვნიანით", უორჰალმა ერთ–ერთ ინტერვიუში უპასუხა და აღნიშნა, რომ 20 წლის მანძილზე სწორედ ამ წვნიანს მიირთმევდა ყოველდღიურად და ისე გაიტაცა გემოების ამოცნობამ, რომ მათი გრაფიკულად გამოსახვა მოინდომა.
* * *
2017 წელს უორჰალმა სააუქციონო გაყიდვების ლიდერის სტატუსი მოიპოვა, რადგან მისი ნამუშევრების გაყიდვით აუქციონების სახლების შემოსავალმა მთელი 380,3 მილიონი დოლარი შეადგინა. პირველობისთვის ბრძოლაში უორჰალმა ჯერ ვინსენტ ვან გოგი, გერჰარდი რიხტერი და მარკ როტკო, მერე პაბლო პიკასო ჩამოიტოვა უკან, რომელიც 2015 წელს ჩაუდგა ლიდერების ნუსხას სათავეში.
აღსანიშნავია, რომ ლიდერის პოზიცია უორჰალმა პირველ რიგში მერლინ მონროს ცნობილი პორტრეტის წყალობით მოიპოვა, რომელიც 1964 წელს შექმნა. ნამუშევარი არა მხოლოდ პოპ–არტის შედევრად, არამედ მე–20 საუკუნის ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშად შეფასდა, რომელიც ნიუ–იორკში Christie’s აუქციონზე 195 მილიონ დოლარად გაიყიდა და პიკასოს ცნობილი ნახატი "ალჟირელი ქალები" დაჯაბნა, რომელიც 2015 წელს, ამავე აუქციონზე გაიყიდა 179 მილიონ დოლარად.
უორჰალის ნამუშევარი, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა არტ–დილერმა ლარი გაგოსიანმა შეიძინა საკუთარი კლიენტის დაკვეთით, ბევრმა ხელოვნების ისტორიის უდიდეს ნამუშევრად შეაფასა და და ვინჩის "მონა ლიზასა" და ბოტიჩელის "ვენერას დაბადებას" გაუტოლა, თუმცა ბევრს, ვინც უორჰალის შემოქმედებას საერთოდ არ აღიქვამს ხელოვნებად, მსგავსი მოსაზრება სრულ აბსურდად მიიჩნია.
* * *
1962 წელს შექმნილი ნახატი "კოკა–კოლას 210 ბოთლი", რომელიც ერთ–ერთი ურთულეს ნამუშევრად ითვლება უორჰალის კოკა–კოლას ბოთლების სერიაში, მხატვრის პირველი ნახატი გახდა, რომელიც მილიონ დოლარად შეფასდა და Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა. შედარებით მცირე ნამუშევარი "კოკა–კოლას მწვანე ბოთლები" ამავე სერიიდან კი, დღეს ნიუ–იორკში, უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში ინახება.
* * *
"ბანანის" გრავიურა, რომელიც უორჰალმა 1966 წელს შექმნა ჯგუფის The Velvet Underground–ის სადებიუტო ალბომისთვის The Velvet Underground and Nico –სთვის, მოგვიანებით ე.წ. სტიკერად გადაკეთდა და ნიუ–იორკული კონტრკულტურის სიმბოლოდ იქცა. სხვათა შორის, როკ–ჯგუფისთვის მხატვარმა არა მხოლოდ ალბომის გარეკანი გააფორმა, არამედ მისი მენეჯერობა და პროდიუსერობაც ითავა, თუმცა, ერთი შეხედვით პერსპექტიული კოლექტივი 1973 წელს დაიშალა.
1987 წელს, უორჰალის გარდაცვალების შემდეგ, იმ პერიოდში უკვე დაშლილი ჯგუფის The Velvet Underground–ის წევრები ლუ რიდი და ჯონ კეილი ისევ გაერთიანდნენ ალბომის Songs for Drella–ს ჩასაწერად, რომელიც სწორედ უორჰალის ხსოვნას მიუძღვნეს.
* * *
უორჰალის ბავშვობის ნახატი – ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის რუდ ვალის პორტრეტი, რომელიც მან 10 წლის ასაკში გააკეთა, რამდენიმე წლის წინ 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ნახატის პირვანდელ მფლობელს – ამერიკელ კოლექციონერს, რომელმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა, ძალიან გაუმართლა, რადგან ათწლეულების წინ თვითონ მხოლოდ 5 დოლარად შეიძინა "პოპ–არტის მეფის" ერთ–ერთი პირველი ნამუშევარი.
* * *
უორჰალის ნახატი "წითელი ლენინი" კი, რომელზეც მხატვარმა ბოლშევიკების ბელადი ასახა, 2013 წელს Christie's აუქციონზე გაიყიდა 202 ათას დოლარად. მართალია, Christie's სახლის მესვეურებმა თავი შეიკავეს პორტრეტის მფლობელის სახელის გახმაურებისგან, მაგრამ აღნიშნეს, რომ ნახატი ერთ–ერთი ცნობილ რუს მილიონერს ეკუთვნოდა.
სხვათა შორის, უორჰალს ძალიან უყვარდა რევოლუციონერების, მათ შორის ჩინელი პოლიტიკოსის მაო ძედუნის პორტრეტების ხატვა. მანვე შექმნა 1980–იანი წლების დასაწყისში შავ–თეთრი ნახატიც, რომელსაც "საბჭოთა კავშირის რუქა" უწოდა.
* * *
"მინდა ისეთივე პოპულარული ვიყო, როგორიც ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორეა", – აღნიშნა ერთხელ უორჰალმა. არავინ იცის ფერწერული შედევრების უნიკალური კოლექციის მფლობელი დედოფალი რამდენად ინტერესდებოდა პოპ–არტითა და უორჰალის შემოქმედებით 1970–იან წლებში, მაგრამ 2022 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, ელისაბედმა მართლაც შეიძინა მხატვრის მიერ შესრულებული მისი ოთხი პორტრეტი სერიიდან "მმართველი დედოფლები".
* * *
1970–იანი წლების დასაწყისში უორჰალმა იმ პერიოდში ყველასთვის უცნობი ჟან–მიშელ ბასკიას ჩანახატები შეიძინა რამდენიმე დოლარად, როცა დამწყები მხატვარი ერთ–ერთ კაფეში მივიდა მასთან და გულგრილად შესთავაზა საკუთარი ნახატების ყიდვა. სწორედ მაშინ დაიწყო ორი ეპატაჟური ხელოვანის მეგობრობა, რაც ჯულიან შნაბელმაც ბრწყინვალედ აღწერა ბიოგრაფიულ დრამაში "ბასკია". სხვათა შორის, მხატვარი ფილმში დევიდ ბოუიმ განასახიერა.
* * *
თვითმყოფადობით გამორჩეული მხატვარი მეტად ექსტრავაგანტური ადამიანი იყო უამრავი ფობიითა და უცნაური ჩვეულებით. 1950–იანი წლების დასაწყისში უორჰალმა ქვითრების, ღია ბარათების, შესაფუთი ქაღალდისა და სხვა წვრილმანების შეგროვება დაიწყო, რომელთაც "დროის კაფსულად" წოდებულ ყუთებში ანაწილებდა. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა 600–მდე მსგავსი "სამახსოვრო ყუთი" იპოვეს მის სახლში, რომლებიც სავსე იყო უსარგებლო მაკულატურით.
* * *
1960–იან წლებში უორჰალმა საკუთარი ჟურნალი Interview შექმნა, თუმცა მის მთავარ მიზანს არა სტატიების მომზადება, არამედ კინოპრემიერებზე დასწრებისთვის აუცილებელი აკრედიტაციის მიღება წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 60–იან წლებში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკად იქცა შეღავათების მიღების სურვილით რომელიმე სფეროში საქმიანობის დაწყება. მაგალითად, ცნობილი იტალო–იაპონელი დიზაინერი ნიკოლა ფორმიჩეტი კარიერის დასაწყისში სტილისტად მუშაობდა, რათა ცნობილი მოდელიერების საკოლექციო ჩვენებებზე დასწრების უფლება მოეპოვებინა. ამავე მეთოდს მიმართა კინომოყვარულმა უორჰალმაც, რომელსაც ყველა ახალი ფილმის ნახვა სურდა, თუმცა პრემიერაზე არავინ იწვევდა.
* * *
მართალია, 1963–1968 წლებში უორჰალმა რამდენიმე ასეული ფილმი გადაიღო 500–მდე ოთხწუთიანი შავ–თეთრი პორტრეტული კინოსინჯის და 150–მდე მოკლემეტრაჟიანი ქრონიკის ჩათვლით, მაგრამ აღიარება მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში მოიპოვა. ფილმების უმეტესობას, რომლებიც თავად უორჰალმა ფსევდოდოკუმენტურ ჟანრს მიაკუთნა, არც სახელი ჰქონდა, არც სიუჟეტი და მხოლოდ მონოტონურად აღწერდა ერთ კონკრეტულ მოვლენას.
შავ–თეთრ კინოში ექსპერიმენტების შემდეგ უორჰალმა ფერადი, მეტწილად ეროტიკული ჟანრის ფილმების გადაღება დაიწყო, ტრადიციული კინოს საზღვრების გაფართოების სურვილით კი, ე.წ. "უმოძრაო ფილმის" ფენომენი შემოიღო, რომელიც ბევრით არაფრით განსხვავდებოდა მისი წინა ნამუშევრებისგან, როცა კამერა ჯიუტად აშტერდებოდა ერთ ობიექტს.
უორჰალის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად 1963 წელს გადაღებული "იძინე" ითვლება. The Film-Makers' Cooperative–ში საპრემიერო ჩვენებაზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა აუდიტორიამ, უორჰალის ნამუშევარს, რომელიც მოქმედებისა და ხმოვანი გაფორმების გარეშე, 5 საათისა და 20 წუთის მანძილზე აღწერდა მისი მეგობრის ჯონ ჯიორნოს ძილის პროცესს, "ანტი–ფილმი" უწოდა და დასრულებამდე დატოვა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ბოლომდე ყურება.
* * *
1986 წლის ივნისის თვეში რადიკალური ფემინისტური მოძრაობის აქტივისტმა ვალერია სოლანსმა, რომლის განცხადებით, "უორჰალი ზედმეტად მკაცრად აკონტროლებდა მის ცხოვრებას", ორჯერ სცადა მხატვრის მოკვლა. მართალია, მძიმედ დაჭრილი უორჰალი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ რადიკალურად შეიცვალა მისი შემოქმედება, რადგან მისი ნამუშევრები ბევრად პირქუში და პესიმისტური გახდა.
ზედმეტად ემოციურმა მხატვარმა ვერ შეძლო სტრესის დაძლევა, რაც მის ფერწერაშიც აისახა. უორჰალისთვის სიკვდილის თემა გახდა წამყვანი, რომელსაც მეტწილად თავის ქალებითა და კოშმარული სცენებით ასახავდა. მეტიც, თავად მხატვრის განცხადებით, "მან შემოქმედებითი ნიჭი დაკარგა, ბევრად ფრთხილი, ანგარიშიანი გახდა და საკუთარი ხელოვნება შემოსავლის წყაროდ აქცია".
* * *
2021 წლის იანვარში ნიუ–იორკში გამოფენა მოეწყო, სადაც უორჰალის მანამდე უცნობი 300 ნამუშევარი გამოიფინა. The Guardian–მა უზარმაზარი სტატია მიუძღვნა ექსპოზიციას და აღნიშნა, რომ "ნამუშევრებმა, რომლებიც ძალიან ჰგავს ეგონ შილეს ნახატებს, უორჰალის ის მგრძნობიარე ხასიათი გადმოსცეს, რომელსაც მხატვარი მთელი ცხოვრება საგულდაგულოდ მალავდა".