ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველომ განაგრძო ურყევი ძალისხმევა კონტრტერორიზმის საკითხებში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული ვითარება კვლავ მშვიდი და სტაბილური იყო და ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა. დოკუმენტში მითითებულია, რომ 2023 წელს საქართველოს არცერთი მოქალაქე არ ყოფილა იდენტიფიცირებული ტერორისტული აქტივობებისთვის სირიაში ან ერაყში გამგზავრების კუთხით.