1. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირი დააკავა. 28 ნოემბერს, დაკავებული 2 პირი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. დაკავებულ გიორგი წაქაძეს 5-დღიანი პატიმრობა, ზურაბ წიკლაურს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა .რაც შეეხება დაკავებულ კიდევ 5 პირს, მათი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები თავისა და სახის არეში აღენიშნებათ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობა განხორციელდა ადვოკატ ბექა ბასილაიაზეც. აქციებზე დაკავებული პირები დღეს სახალხო დამცველმა მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში მანქანაში გადაჰყავდათ. დაკავებულთა ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ლევან იოსელიანმა დღეს პრეზიდენტს შეხვედრისას პირადად მიაწოდა.