* ოტო სკორცენი -
მესამე რაიხის დაცემას უამრავი, მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტის და იდუმალებით მოცული პერსონის სახელის გამოაშკარავება მოჰყვა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე საინტერესო ავსტრო-გერმანელი დივერსანტი და მესამე რაიხის სპეციალური ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ადოლფ ჰიტლერის ერთგული მზვერავი ოტო სკორცენი აღმოჩნდა.
* სკორცენის პირველი ნაბიჯები -
მომავალი დივერსანტი 1908 წლის 12 ივნისს დაიბადა ვენაში, შეძლებული ინჟინრის ოჯახში. ახალგაზრდა ოტო, რომელმაც გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლა პრესტიჟულ უნივერსიტეტში გააგრძელა, ყოველთვის ჩხუბისთავის რეპუტაციით სარგებლობდა და მუდმივად ხიფათში ებმებოდა. მეტიც, სკორცენიმ 15 სტუდენტური დუელი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, ერთ-ერთის დროს კი, მძიმე ჭრილობა მიიღო სახის მარცხენა მხარეს, რომელმაც სამუდამო იარა დაუტოვა.
უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა სკორცენი გერმანიის მუშათა ნაციონალ-სოციალისტური პარტიის დოქტრინითაც და ჯერ ნაკლებად პერსპექტიულ პროფაშისტურ ორგანიზაციას, მერე "სამშობლოს დამცველთა კავშირს" შეუერთდა. სასურველ მიზანს სკორცენიმ, რომელსაც მხოლოდ გერმანული ნაციონალ-სოციალისტური პარტია იზიდავდა, 1931 წელს მიაღწია, როცა ავსტრიული გაერთიანების წევრი გახდა და ადგილობრივ ნაცისტებს დაუმეგობრდა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი სამშენებლო ფირმაში დაიწყო მუშაობა, რომელიც ერთგვარ თავშესაფრად იქცა მისთვის, რადგან მშენებლობით ნაკლებად გატაცებული მხოლოდ უფროსი კოლეგების საიდუმლო დავალებებს ასრულებდა.
გერმანიის შემადგენლობაში ავსტრიის შესვლის შემდეგ სკორცენიმ გერმანული სპეცსამსახურების, პირველ რიგში რაიხსფიურერის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის ყურადღება მიიქცია, 1939 წელს კი, დაცვითი რაზმების რიგებში ჩაირიცხა და ფიურერის პირადი დაცვის პოლკში მოხვდა, რადგან მაღალი და წარმოსადეგი, კარგი ფიზიკური მომზადებით და უნაკლო წარმომავლობით ზუსტად მოერგო ელიტარულ სამხედრო ფორმირებას.
აღსანიშნავია, რომ სკორცენის საქმიანობის დამადასტურებელი, მოცულობითი დოკუმენტური მასალა ომის დასრულების შემდეგ განადგურდა, ამიტომ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ავტობიოგრაფიულ რომანში, რომელიც დივერსანტმა წლების შემდეგ გამოსცა, ფაქტების ნაწილი მხოლოდ მისი გამონაგონი სიცრუეა, რადგან უამრავი ნიუანსი იწვევს ეჭვს და დღემდე დავის საგნად რჩება. მაგალითად, მტკიცება, თითქოს სკორცენი ბრესტის ციხე-სიმაგრის აღებაში მონაწილეობდა - მცდარია, რადგან დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ციხეზე იერიში 45-ე ფეხოსანთა დივიზიამ მიიტანა, სკორცენი კი, იმ დროს SS-Das Reich-ის შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომელიც ბელორუსის საზღვრიდან 70 კილომეტრში იყო გამაგრებული.
* მეორე მსოფლიო ომი -
მეორე მსოფლიო ომში ოტო სკორცენი საფრანგეთის და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ დაგეგმილ სპეცოპერაციებში მონაწილეობდა, 1939 წელს ჰიტლერის პირად ბატალიონში მსახურობდა გამნაღმველად, ერთი წლის შემდეგ კი, დაცვითი რაზმების ფრანგულ ქვედანაყოფში გადაინაცვლა და SS-ის უნტერშტურმფიურერის წოდება მიიღო. მართალია, 1941 წელს სკორცენი აღმოსავლეთის ფრონტზე გაანაწილეს, მაგრამ ბრძოლაში ჩაბმა ვერ მოასწრო, რადგან ჯერ დიზენტერიით, მერე ნაღვლის ბუშტის ანთებით აღმოჩნდა ჰოსპიტალში, 1942 წლის გაზაფხულზე დემობილიზირებული კი, ვენაში გაემგზავრა სამკურნალოდ.
გამოჯანმრთელებულმა და მოღონიერებულმა სკორცენიმ ტანკისტთა კურსების გავლა გადაწყვიტა, თუმცა არ დასცალდა, რადგან ხელმძღვანელობის რეკომენდაციით SS-ის განსაკუთრებული ქვედანაყოფის უფროსად დაინიშნა და მტრის ზურგში დაზვერვითი, დივერსიული ოპერაციების ორგანიზებას შეუდგა, 1943 წელს კი, ჰიტლერის ბრძანებით, რომელმაც ექვსი კანდიდატიდან სწორედ სკორცენი შეარჩია, იტალიელ ფაშისტთა ლიდერის ბენიტო მუსოლინის განთავისუფლების ოპერაცია დაგეგმა და წარმატებით განახორციელა.
* ოპერაცია "მუხა" -
ოპერაციას, რომელმაც მეტად ორიგინალური სახელი - "მუხა" შეიძინა, სკორცენი ორი თვე ამუშავებდა, 1943 წლის სექტემბერში კი, მედესანტეთა რაზმთან ერთად აიღო შტურმით სასტუმრო "კამპო იმპერატორე" გრან-სასოს მთებში მუსოლინის გასათავისუფლებლად. ერთი შეხედვით ურთულესი ოპერაცია სკორცენიმ მარტივად, გასროლის გარეშე განხორციელდა და დუჩეც პრობლემების გარეშე გაამგზავრა მიუნხენში, თავად კი, წარმატებით შესრულებული დავალებისთვის დაჯილდოვდა რაინდთა ჯვრით.
* ოპერაცია "გრძელი ნახტომი" -
მართალია, სკორცენი დიდხანს და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მუშაობდა მორიგ, მეტად თამამ ოპერაციაზე, რომელმაც "გრძელი ნახტომის" სახელი შეიძინა და თეირანის კონფერენციაზე მსოფლიოს სამი ლიდერის - ჩერჩილის, რუზველტისა და სტალინის ლიკვიდაციას ან გატაცებას ისახავდა მიზნად, მაგრამ მისი განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ოპერაციის შესახებ დროულად შეიტყო და აღკვეთა ბრიტანულმა დაზვერვამ.
* ოპერაცია "სვლა ცხენით" -
1944 წლის დასაწყისში, სკორცენიმ ბალკანელი პარტიზანების ლიდერის ბროზ ტიტოს შეპყრობის ოპერაციის დაგეგვმისა და განხორციელების ბრძანება მიიღო, რომელიც მართალია, სკრუპულოზურად, ყველა დეტალის გათვალისწინებით მომზადდა, მაგრამ მაინც მარცხით დასრულდა, რადგან პარტიზანთა თავშესაფარს მიღწეულმა მედესანტეებმა ვერც ტიტოს მიაგნეს, ვერც მის მოკავშირეებს, რომელთაც გასაიდუმლოებული გამოქვაბულებით სულ რამდენიმე საათით ადრე მოასწრეს გაქცევა. სხვათა შორის, მოგვიანებით, საკუთარ მემუარებში სკორცენიმ სამარცხვინო უწოდა ოპერაციას და კატეგორიულად უარყო მასში მონაწილეობა.
* ჰიტლერის ერთგული ჯარისკაცი -
სპეცოპერაციების დაგეგმვის პარალელურად, სკორცენი ლექციებს კითხულობდა მზვერავთა სკოლაში და ამზადებდა მომავალ დივერსანტებს. ჰიტლერი დიდად აფასებდა ერთგული აგენტის პროფესიონალიზმს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვისაც 1944 წელს, ფიურერზე მარცხიანი თავდასხმის ე.წ. "ვალკირიის გეგმის" ორგანიზატორთა მოძიება და მხილება დაევალა. სკორცენიმ ისევ ოპერატიულად იმუშავა და სულ რაღაც 36 საათში ჯერ დაიმორჩილა სარეზერვო არმია, რომელიც შეთქმულთა მთავარ ძალად ითვლებოდა, მერე კი, თავად შეთქმულები მოიძია.
* წარუმატებელი ოპერაცია -
თუმცა წარმატებულ ოპერაციას, 1944 წლის აგვისტოში ისევ მარცხი მოჰყვა.
დეზინფორმატორის მახეში გაბმულმა სკორცენიმ, რომელმაც ბერეზინასთან ახლოს, პოლკოვნიკ შერჰორნის მეთაურობით დაბანაკებულ გერმანელთა რაზმის დახმარება გადაწყვიტა, მეტად საპასუხისმგებლო ოპერაცია ჩააგდო, რადგან, ინფორმაცია ყოფილი თანამებრძოლის, მერე კი, საბჭოთა დაზვერვის მიერ გადაბირებული რადისტისგან მიიღო და აქტიურ მოქმედებაზეც გადავიდა - რვა თვეში ბელორუსში შეიარაღებით, პროდუქტითა და მედიკამენტით დატვირთული 30-მდე სამხედრო თვითმფრინავი და 20-ზე მეტი მზვერავი გაგზავნა, რომლებიც პირდაპირ საბჭოთა დაზვერვის ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
* ოპერაცია "ფაუსტპატრონი" და "გრიფონი" -
1944 წლის ზაფხულში, როცა ჰიტლერმა შეტყობინება მიიღო, თითქოს უნგრეთი საიდუმლოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას საბჭოთა კავშირთან ომის შეწყვეტასა და თანამშრომლობაზე, სკორცენის მორიგი ოპერაციის მომზადება დაევალა, რომლის მთავარ მიზანს უნგრეთის რეგენტის მიკლოშ ჰორტის ვაჟიშვილის გატაცება წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, ოპერაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან შვილის სიცოცხლის გადასარჩენად ჰორტიმ დაუფიქრებლად ჩააბარა მმართველობა ჰიტლერის მოკავშირე ფერენც სალაშს, უნგრეთმა კი, ისევ გერმანიის სასარგებლოდ გააგრძელა ომი.
მარცხით დასრულდა იმავე წლის დეკემბრის თვეში დაგეგმილი ოპერაცია "გრიფონი", რადგან იმ პერიოდში გენერალ, მოგვიანებით კი, შეერთებული შტატების პრეზიდენტზე დუაიტ ეიზენჰაუერზე განხორციელებულმა წარუმატებელმა თავდასხმამ მხოლოდ ორივე მხარის ჯარისკაცთა სიცოცხლე შეიწირა.
* "ოკულტური" დავალებები -
დაზვერვითი და დივერსიული საქმიანობის გარდა სკორცენი ე.წ. "ოკულტურ" დავალებებსაც ხშირად ასრულებდა ჰიტლერის დავალებით. ერთ-ერთ მთავარ მისიად საფრანგეთსა და ესპანეთში "წმინდა გრაალის" მოძიება გახდა, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, რადგან ერთის მხრივ, სულსწრაფი ფიურერი არ აძლევდა მოსვენებას, მეორეს მხრივ, პირენეის მთებში გატარებული რამდენიმე თვისა და სერიოზული სამუშაოების ჩატარების შემდეგ ნათელი გახდა, რომ გრაალის პოვნა შეუძლებელი იქნებოდა. მართალია, გავრცელებული ხმების თანახმად, სკორცენიმ ომის დასრულების შემდეგაც აქტიურად გააგრძელა ლეგენდარული გრაალის ძიება, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია.
* შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურში -
გერმანიის კაპიტულაციიდან ერთ კვირაში ოტო სკორცენი, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს, გაძლიერებული დაცვის თანხლებით გაემგზავრა ობერურზელში, სადაც სიამოვნებით დათანხმდა შეერთებული შტატების დაზვერვასთან თანამშრომლობას და ენთუზიაზმით შეუდგა ამერიკელი აგენტების მომზადებას.
მოგვიანებით, სკორცენი საფრანგეთში გადაბარგდა, საიდანაც სამშობლოში მოინდომა დაბრუნება, თუმცა, 1945 წელს, სოფელ პლოშტინას 27 უდანაშაულო მოსახლის ლიკვიდაციისთვის, მეორე მსოფლიო ომის დამნაშავეთა ნუსხაში აღმოჩნდა. პატიმრობას მოხერხებულმა დივერსანტმა ესპანეთში დააღწია თავი, სადაც პირადად ფრანსისკო ფრანკოსგან მიიღო მოქალაქეობა.
ესპანელი დიქტატორის მფარველობით გათამამებული სკორცენი სწრაფად გაშინაურდა, ჯერ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, მერე ყოფილი კოლეგები გააერთიანა ნაცისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია ODESSA-ში, ბოლოს კი, ისრაელის დაზვერვის შეთავაზება მიიღო და ახალი ენთუზიაზმით შეუდგა ძველ საქმიანობას.
* სკორცენი და მოსადი -
მართალია, სკორცენი წლების მანძილზე ინარჩუნებდა "იდეალური ნაცისტის" სახელს, მაგრამ 2006 წელს, მიხეილ ჰეიფიცის სტატიამ, რომელიც ებრაულ გაზეთ "მაარიფში" გამოქვეყნდა, ერთის მხრივ საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, მეორეს მხრივ, ყოფილი დივერსანტის "რეპუტაცია" შეარყია.
როგორც აღმოჩნდა, 1960-იან წლებში ისრაელ-ეგვიპტის კონფლიქტის დროს, როცა ქვეყნები შეიარაღებასა და რეგიონში პირველობის მოპოვებაში ეცილებოდნენ ერთმანეთს, ეგვიპტემ გერმანელი სპეციალისტების მიწვევა დაიწყო, რითაც სერიოზულად შეაშფოთა ისრაელი, რომელიც ვერასდროს შეეგუებოდა კონკურენტი ქვეყნის პოზიციების გამყარებას და ყოფილი ნაცისტების გადაბირება, მეტწილად საიდუმლო საარქივო დოკუმენტების ხელში ჩაგდების წყალობით წამოიწყო.
რა გასაკვირია, რომ დაზვერვის სამსახურის გრძელ ნუსხაში ერთ-ერთი პირველი სწორედ სკორცენი აღმოჩნდა, რომელიც ძველი ნაცნობის ადოლფ ეიჰმანის მკვლელობით დამფრთხალი, ახლა უკვე ისრაელის დაზვერვას დათანხმდა თანამშრომლობაზე და რამდენიმე სერიოზულ, მათ შორის ცნობილი მეცნიერის ჰაინც კრუგის ლიკვიდაციის ოპერაციაშიც მიიღო მონაწილეობა.
ოტო სკორცენი 1975 წელს გარდაიცვალა ესპანეთში, თუმცა მანამდე ნეოფაშისტური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და სხვადასხვა საიდუმლო გაერთიანებებში გაფანტული ნაცისტების გაერთიანება, ეგვიპტის და არგენტინის პრეზიდენტების - გამალ აბდელ ნასარის და ხუან პერონის კონსულტანტად მუშაობა მოასწრო და საბოლოოდ მაინც დააღწია თავი მართლმსაჯულებას.