არჩევნების არალეგიტიმურად აღიარების მოთხოვნით ოპოზიციის წინააღმდეგობის მოძრაობა გრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები 25 ნოემბერს, მმართველი პარტიის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. მანამდე ოპოზიციის საერთო აქცია შაბათს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გაიმართება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქუჩის პერმანენტული პროტესტი და შეურიგებლობა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად შედეგს გამოიღებს. „ქართული ოცნების“ კონკურენტები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ ქვეყნის ევროპული კურსის გადასარჩენად და გაყალბებული არჩევნების შედეგების გასაუქმებლად.