საქართველოში წელს ყველაზე მეტი ავტომობილი ამერიკიდან შემოვიდა.
იანვრიდან სექტემბრამდე საქართველოში 144 867 მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 2 მილიარდ 34 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების იმპორტი შემცირებულია, კერძოდ, 2024 წლის 9 თვეში საქართველომ 166 485 ერთეული ავტომობილი 2 მილიარდ 55 მილიონ დოლარად შეიძინა.
როგორც უკვე გითხარით, საქართველო ავტომობილების უდიდეს ნაწილს წელს ამერიკიდან ყიდულობდა. კერძოდ, წელს ქვეყანაში 103 206 ავტომობილი შემოვიდა აშშ-დან და მისმა ჯამურმა ღირებულებამ მილარდ 25 მილიონი დოლარი შეადგინა. ბოლო 5 წლის ჭრილში ამერიკიდან მანქანების იმპორტი გაზრდილია, თუმცა გასული წლის 9 თვესთან შედარებით მაჩვენებლები შემცირდა. მაგალითად, გასულ წელს ამერიკიდან 118 832 ერთეული ავტომობილი ვიყიდეთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტზე გავიდა 78 610 ავტომობილი, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა მილიარდ 76 მილიონი დოლარი შეადგინა. ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან მეტწილად ყაზახეთსა და ყირგიზეთში მოხდა.