საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ დემოკრატიის უკუსვლის შედეგად საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით, ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ევროკავშირის მხრიდან დახმარებების შეჩერება სწორედ მმართველი გუნდის ანტიდემოკრატიული ქმედებებიდან და ე.წ რუსული კანონის მიღებიდან მომდინარეობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული დახმარება საზოგადოებას წაართვა. ხელისუფლების ოპონენტები და პოლიტიკის ექსპერტებიც მთავარ გამოსავალს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხედავენ.