როგორც Reuters-ი წერს, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სერიოზული დარტყმა მიაყენა, რაც აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებთ, თუ როგორ შეძლებენ ევროკავშირის მსხვილი სახელმწიფოები ბლოკში პოლიტიკის წარმართვას. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აიძულა, 30 ივნისს ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა. გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში აქამდე დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა და „კონსერვატორებისა“ და ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა. რაც შეეხება იტალიას, პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის პოზიცია გაძლიერდა, რადგან, ეგზიტპოლების თანახმად, მისმა კონსერვატიულმა ჯგუფმა - „იტალიის ძმებმა“ – ყველაზე მეტი ხმა მიიღო. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტის არჩევნებში ბოლო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. Reuters ის ცნობით, პირველადი შედეგების თანახმად, ორბანის „ფიდესმა“ და მისმა „ქრისტიან-დემოკრატმა“ მოკავშირეებმა ევროპარლამენტში, ხმების 44.2%-ით, 11 მანდატი მოიპოვეს, პიტერ მაგიარის მემარჯვენე- ცენტრისტული „ტიზა“ კი ხმების 30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.