ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად 6 ივნისს ნიდერლანდებში დაიწყო. ნიდერლანდებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს 6-9 ივნისს ირჩევს. წელს, ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობის მოსახლეობა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმას 9 ივნისს მისცემს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაც კვირას, საღამოს მოხდება. ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ესტონეთში ხმა უკვე 63 000-ზე მეტმა ადამიანმა მისცა.