იმერული ხაჭაპურის მომზადება გაიაფდა. მიმდინარე წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5 ლარი და 83 თეთრი შეადგინა. ISET-ის სტატისტიკის მიხედვით, მაისში ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა. მიუხედავად თვიური შემცირებისა, წლიურად ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად ხაჭაპურის მომზადების ფასი თბილისში, თელავსა და ქუთაისში გაიზარდა. ფასის კლება დაფიქსირდა ბათუმში. მაისში ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი თბილისში ღირდა, კერძოდ, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6 ლარი და 47 თეთრი შეადგინა, რაც 11%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. ამის საპირისპიროდ, ყველაზე იაფად ხაჭაპურის მომზადება ქუთაისშია შესაძლებელი, სადაც ერთი სტანდარტული ხაჭაპური 4 ლარი და 91 თეთრი ღირს. შესაბამისად, ფასის სხვაობა დანახარჯების მიხედვით ყველაზე ძვირიან და იაფ ქალაქებს შორის 1 ლარი 56 თეთრია.