ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან ერთად დღის ცენტრ „მშობელთა ხიდს“ ეწვია. სტუმრებმა ცენტრში მუსიკალურ-თერაპიული ოთახი გახსნეს, რომელიც თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ჩართულობით და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის დახმარებით გარემონტდა. ცენტრის ბაზაზე მოქმედი ამიერკავკასიაში არსებული ერთადერთი პარაორკესტრის წევრებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი მუსიკალურ-თერაპიული ოთახით სარგებლობის საშუალება ექნებათ. სტუმრებს პარაორკესტრის წევრებმა მუსიკალური ნომრებისგან შემდგარი პროგრამა წარუდგინეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრებიც დაათვალიერებინეს.