ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჩინეთი იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სწრაფ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით, გუშინ, 30 მაისს, პეკინში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სუნ ვეიტუნგმა. მინისტრის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს და ქართველ ხალხს მიულოცა ეროვნული დღე და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა. მან ყურადღება საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ხანგრძლივ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა.