საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარი სტაგნაციას განიცდის, არის არაკონკურენტული და ხასიათდება ინოვაციების სიმწირით, ხოლო „მაგთიკომი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორია როგორც ბაზრის წილების, ასევე აბონენტებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით - ასეთი დასკვნა კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული, მობილური მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებმა დადეს. დასკვნის თანახმად, აღნიშნული საკითხი ბაზარზე შესვლის ბარიერებს ზრდის და კონკურენციას აფერხებს. კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიაში საჯარო პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კომისიის წევრმა, ევროკავშირის ექსპერტთან ერთად აუდიტორიას აღნიშნული გარემოებების გადაჭრის გზები წარუდგინა, რაც მათი განცხადებით, „მაგთიკომისთვის“ სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებაში მდგომარეობს.