ბაგების დასახლების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ადგილზე დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე და ქვეყნის პრემიერი, ირაკლი კობახიძე გაეცნენ. როგორც კალაძემ განაცხადა, მსგავსი მასშტაბური პროექტი ბოლო ათწლეულებია თბილისში არ განხორციელებულა. თბილისელებს ახალი ხიდის გახსნა პრემიერმა მიულოცა და პროექტის განხორციელებაში ჩართულებს მადლობა გადაუხადა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრს შეადგენს.