პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს, რასაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს „საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი "მიუღებელს" და "დაუშვებელს" უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს.