ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინას იმ დახმარებას, რომელსაც დაჰპირდნენ არ აწვდიან. სტოლტენბერგის განცხადებით, გერმანიის გარდა, რომელმაც უკრაინას „პეტრიოტის“ დამატებით ერთი სისტემა გადასცა, მოკავშირეებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებული დაპირებები არ შეუსრულებიათ. მისივე თქმით, ეს შეფერხებები უკრაინაში გარკვეულ შედეგებს იწვევს, რაც ტერიტორიების დაცვას კიდევ უფრო ართულებს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ. ამასთან, სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსს, როგორც ინსტიტუტს, უკრაინაში ჯარების გაგზავნის გეგმა არ აქვს. ნატო რუსეთთან კონფლიქტისკენ არ მიილტვის და ფაქტი, რომ ალიანსი უკრაინას მხარს უჭერს, მას კონფლიქტის მონაწილედ არ აქცევს.