მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, მედიაწიგნიერების მიმართულებით ერთობლივი პროექტები განხორციელდება, ჩატარდება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მასტერკლასები, დაგეგმილია თემატური და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებაც. კომუნიკაციების კომისია უნივერსიტეტს მედიაწიგნიერების მიმართულებით სასწავლო მასალებს, სილაბუსსა და საგანმანათლებლო რესურსებსაც გაუზიარებს. უკვე გაიმართა პირველი საჯარო ლექცია, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მედიაწიგნიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, ყალბი ამბების, დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის აღმოჩენის ხერხებზე იმსჯელეს.