„ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ახლა უკვე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფიზიკურ პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებსა და სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერებაზეა საუბარი. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს უნდა გადახედონ, რადგან არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამის პარალელურად ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებთან დაკავშირებით პერსონალურ სიას ჯერჯერობით არ გამოაქვეყნებენ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა ე.წ „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი სანქციების ნაწილი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.