წელს, მხოლოდ ერთ თვეში, ჩინური მანქანების იმპორტი 380%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს აპრილში ჩინეთიდან 283 ერთეული, 3 მილიონ 197 ათასი დოლარის ღირებულების, ავტომობილი შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის იგივე თვეში, ჩინეთიდან მხოლოდ 59 ერთეული ავტომობილი შემოვიყვანეთ, რომელთა ღირებულება მილიონ 639 ათასი დოლარი იყო. რაც შეეხება მიმდინარე წლის, 4 თვის მონაცემებს. იანვარ-აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინური ავტომობილების იმპორტი 46%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ღირებულებას, სტატისტიკური მონაცემებით, აპრილში ერთი ჩინური ავტომობილის იმპორტი, დაახლოებით, 11 300 დოლარი დაჯდა. თუმცა, ფასი გამოანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად, მარკის, მოდელის და წლოვანების მიხედვით, შესაძლოა, უფრო მეტი ან ნაკლებიც ღირდეს. ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნა იგეგმება. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება. თუმცა, ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.