* აკიო მორიტა -
„მომავალი - ინოვაციური პროდუქციისა და საუკეთესო მომსახურების სამყაროდ მესახება, სადაც ნებისმიერი ქვეყნის მარკა ხარისხის სიმბოლოდ აღიქმება“, - აღნიშნა ავტობიოგრაფიულ წიგნში „გაკეთებულია იაპონიაში“ კორპორაცია Sony-ს დამფუძნებელმა აკიო მორიტამ, რომელმაც არა მხოლოდ პირველი პორტატული აუდიოფლეიერი და ვიდეომაგნიტოფონი, ფერადი ტრანზიტული ტელევიზორი და კომპაქტ-დისკი აჩუქა მსოფლიოს, არამედ უზარმაზარი წვლილი შეიტანა ელექტროტექნიკის ინდუსტრიის განვითარებაში და გლობალურ ბრენდად აქცია ფრაზა Made In Japan.
* * *
აკიო მორიტა 1921 წლის 26 იანვარს დაიბადა ნაგოიაში, იაპონიის ერთ-ერთი უძველესი და პატივცემული დინასტიის წარმომადგენლის ოჯახში, რომელიც 300 წლის მანძილზე აწარმოებდა ნაციონალურ ალკოჰოლურ სასმელს - საკეს.
ოჯახი ნაგოიას პრესტიჟულ ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელსაც ადგილობრივები „მდიდრების ხეივანს“ უწოდებდნენ. მომავალი ბიზნესმენი უზარმაზარ სახლში გაიზარდა საკუთარი ჩოგბურთის კორტით, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ აკიომ ბავშვობიდანვე შეიყვარა „არისტოკრატების სპორტად“ წოდებული ჩოგბურთი. მეტიც, 30 წლის მანძილზე მორიტას ყოველი დილა სწორედ ჩოგბურთის თამაშით იწყებოდა, რაც ბრწყინვალე ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარა.
* * *
აკიოს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ საკუთარი დინასტიის ისტორიას და წეს-ჩვეულებებს, რადგან იაპონური ტრადიციის თანახმად, სწორედ უფროსი შვილი იბარებს მემკვიდრეობით ოჯახურ საქმეს. 10 წლის აკიო კომპანიის დირექტორთა საბჭოს სხდომებზე დაჰყავდა მამას და მთელ დღეს მასთან ერთად ატარებდა. მართალია, მცირეწლოვან მორიტას ძალიან არ მოსწონდა მოსაწყენი შეკრებები, მაგრამ უკვე ზრდასრულმა სწორედ მამას გადაუხადა მადლობა იმ ფასდაუდებელი გამოცდილებისთვის, რომელიც ბავშვობაში შეიძინა.
თუმცა, ოჯახური საქმეს მორიტამ ფიზიკის შესწავლა ამჯობინა, რომლითაც განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდა, როცა მამამ ფონოგრაფი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ 1877 წელს, თომას ედისონის მიერ გამოგონილი მექანიკური ბგერათჩამწერი გასული საუკუნის 40-იან წლებში ძალიან ძვირი, თითქმის ავტომობილის ფასი ღირდა.
მოზარდმა აკიომ, რომელიც ინტერესით გაეცნო ჟურნალებში გამოქვეყნებულ ყველა სტატიას, ისე გაიტაცა ელექტრონიკამ, რომ სწავლაზე აიცრუა გული და ერთ დროს წარჩინებულ მოსწავლეს სკოლიდან გაძევება დაემუქრა. თუმცა, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ფიზიკის სიყვარული, რომ მართალია, მამის მკაცრი მოთხოვნა შეასრულა და წარჩინებით დაამთავრა სკოლა, მაგრამ უარი თქვა ოჯახური საქმის გაგრძელებაზე და ოსაკაში გაემგზავრა, სადაც საიმპერატორო უნივერსიტეტში შეუდგა საყვარელი მეცნიერების შესწავლას.
* * *
მეორე მსოფლიო ომის წლებში სხვა იაპონელი მეცნიერების მსგავსად მორიტაც გაიწვიეს ჯარში. მეცნიერმა, რომელიც საიმპერატორო ფლოტში მსახურობდა და სამეცნიერო-კვლევით კომიტეტში მუშაობდა, საზღვაო და საავიაციო აპარატურის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. იმავე პერიოდში მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში ინჟინერი მასარუ იბუკა, რომელიც წყალქვეშა გემების მოძიების საავიაციო მოწყობილობის შექმნაზე მუშაობდა და კოლეგებისგან დაფასებული ელექტრონიკის სფეროს ნამდვილ გენიოსად ითვლებოდა. სწორედ ჯარში სამსახურის დროს გაიცნო მორიტამ იბუკა და მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებულმა შესთავაზა ერთობლივი კომპანიის დაარსება.
კომპანიონებმა პირველ რიგში მორიტას მამას მიმართეს რჩევისა და ახალი ბიზნესის დაწყების უფლების თხოვნით. მართალია, ერთ დროს შეძლებული ოჯახი სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, რადგან იჯარით გასცეს რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი, მიწის რეფორმის შემდეგ კი, ქონების დიდი ნაწილი დაკარგეს, მაგრამ მამამ არა მხოლოდ ოჯახური ვალდებულებებისგან გაათავისუფლა და საკუთარი ბიზნესის დაწყების უფლება მისცა შვილს, არამედ თავისი მთავარი ბუხჰალტერიც „უსახსოვრა“, რომელსაც ყოველთვის სანდო და საიმედო თანამოაზრედ მიიჩნევდა.
* * *
ტელეკომუნიკაციების საინჟინრო კომპნია Tokyo Tsushin Kogyo K.K, რომელიც 1946 წელს შეიქმნა და მხოლოდ 20 თანამშრომელი გააერთიანა აკიო მორიტას და მასარუ იბუკის ხელმძღვანელობით, ტოკიოს ცენტრში, ხანძრით გადამწვარი უნივერმაღის მეოთხე სართულზე დაბინავდა. ახლად შექმნილმა კომპანიამ, რომლის ბიუჯეტმა სულ რაღაც 500 დოლარი შეადგინა, ნოვატორული ტექნიკის წარმოება გადაწყვიტა. მართალია, პირველ პროექტად გამომგონებლებმა ელექტრონული ბრინჯის სახარში აირჩიეს, მაგრამ წამოწყებამ არ გაამართლა, რადგან მოწყობილობა, რომელიც ხარშვის ნაცვლად ერთიანად წვავდა ბრინჯს, მხოლოდ 100 ეგზემპლარად გიყიდა.
* * *
პირველი მსხვილი დაკვეთა კომპანიამ საოკუპაციო ჯარისგან მიიღო. ამერიკელებმა ახალგაზრდა მეცნიერებს მიქშერის პულტის აწყობა დაუკვეთეს NHK-ს რადიოსადგურისთვის. როგორც ამბობენ, ამერიკელი გენერალი, რომელიც დაკვეთის ჩასაბარებლად ეწვია კომპანიის, ისე შეაშინა წარმოების პრიმიტიულობამ, რომ სათლების წყლითა და ქვიშით ავსების ბრძანება გასცა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მის ჩასაქრობად. პრიმიტიულობის მიუხედავად, კომპანიამ მაინც ბრწყინვალედ გაართვა თავი მისიას და უმოკლეს დროში შექმნა ხარისხიანი მოწყობილობა.
მართალია, ამერიკელმა სამხედროებმა სოლიდური ჰონორარი გადაუხადეს იაპონელ გამომგონებლებს, მაგრამ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთეს, როცა რადიოსადგურის სტუდიებში ფირის მაგნიტოფონი აჩვენეს, რადგან სწორედ მაშინ გადაწყვიტა ნანახით აღფრთოვანებულმა მორიტამ ანალოგიური მოწყობილობის კონსტრუირება იაპონელებისთვის.
* * *
1949 წელს მორიტამ 21 დოლარად შეიძინა ამერიკელებისგან მოძველებული მაგნიტოფონი, რომელიც რამდენიმე საათში დაშალა ნაწილებად, შეისწავლა დეტალურად და აღმოაჩინა, რომ მოწყობილობაში საკმაოდ ძვირადღირებული მაგნიტური ხმის ჩამწერი ფირი იყო გამოყენებული.
მართალია, იაპონელი გამომგონებლები ურთულესი ამოცანის წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტეს პრინციპულად ახალი მაგნიტური ფირის გამოგონება, რომელიც ორიგინალზე იაფი, თუმცა ბევრად საიმედო იქნებოდა. პირველი ექსპერიმენტი მეცნიერებმა სპეციალური სითხით გაჟღენთილ ცელოფანზე ჩაატარეს, რომელიც მოგვიანებით ჩვეულებრივი ქაღალდით შეცვალეს, თუმცა არცერთმა არ გაამართლა. მარცხის მიუხედავად მორიტამ მაინც არ დაიხია უკან, პლასტმასაზე შეუდგა მუშაობას და პირდაპირ ტაფაზე სცადა მისი გაცხელება რკინის ოქსალატის მისაღებად, რამაც ფირს საჭირო მაგნიტური თვისებები შესძინა.
პირველი მაგნიტოფონი ტოკიოს ტელეკომუნიკაციების საინჟინრო კორპორაციამ 1950 წელს გამოუშვა. თუმცა, მოწყობილობა, რომლის ღირებულებამ 472 დოლარი, მასამ კი, 35 კილოგრამი შეადგინა, ნაკლებად მოიწონა მომხმარებელმა, რადგან წინამორბედი ბრინჯის სახარშის მსგავსად, ისიც მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარად გაიყიდა, თუმცა ინოვაციური გამოგონება სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა დააფასეს. მორიტას მაგნიტოფონი ნამდვილ აღმოჩენად იქცა მოსამართლეებისთვის, რომლებიც მუდმივად სტენოგრაფისტების სიმცირეს უჩიოდნენ, ამიტომ ერთ დღეში შეიძინეს 30-მდე მოდელი და თავისდაუნებურად გაუწიეს რეკლამა ინოვაციურ გამოგონებას.
მაგნიტოფონის ჯეროვნად შეფასების შემდეგ იაპონელები მორიტას სხვა გამოგონებებითაც დაინტერესდნენ, სწრაფად დარწმუნდნენ მათ პრაქტიკულობაში და აქტიურად დაიწყეს სხვადასხვა ხელსაწყოსა თუ მოწყობილობების შეძენა, თუმცა მორიტასა და იბუკისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა მხოლოდ სამშობლოში მიღწეული წარმატება.
* * *
1950-იანი წლების დასაწყისში კომპანიონებმა ამერიკული და ევროპული ბაზრის დაპყრობა გადაწყვიტეს, თუმცა მიხვდნენ, რომ ზედმეტად გრძელი და სპეციფიური სახელით - Tokyo Tsushin Kogyo K.K ბევრს ვერაფერს მიაღწევდნენ. გამომგონებლებმა სახელი შეიცვალეს და ლათინური sonus-ის ანალოგად, რაც „ხმას, ბგერას“ ნიშნავდა, საკუთარ კომპანიას Sonny დაირქვეს, რადგან სწორედ ხმასა და ჟღერადობას ანიჭებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამასთანავე, Sonny-boys - იაპონურ სლენგზე „გონებაგამჭრიახ ბიჭებს“ ნიშნავდა, თუმცა გაუგებრობა შეიქმნა Sonny-ის იეროგლიფებით დაწერისას, რადგან „ფულის დაკარგვად“ ითარგმნებოდა, ამიტომ მორიტამ ბევრი აღარ იფიქრა და სიტყვა ერთი ასოთი შეამოკლა.
1955 წელს ოფიციალურად დამტკიცდა კომპანიის ახალი ლოგოტიპი, რომელიც არასდროს აღარ შეცვლილა. სწორედ ახალი ბრენდით წარუდგინა კომპანიამ საზოგადოებას ტრანზიტული რადიომიმღები TR-55, ორი წლის შემდეგ კი, პირველი ჯიბის რადიომიმღები გამოუშვა, რომელიც ერთგვარ ჰიტად იქცა ჯერ იაპონურ, მერე საერთაშორისო ბაზარზე.
* * *
მორიტა დიდხანს ცდილობდა, წარწერის „დამზადებულია იაპონიაში“ უმაღლესი ხარისხის სიმბოლოდ ქცევას. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ამერიკულ ბაზარზე მოქმედი ბრენდები თავს იკავებდნენ მწარმოებელი ქვეყნის აფიშირებისგან, რადგან რასიზმისა და ქსენოფობიისკენ მიდრეკილი ამერიკელები, მეტწილად თავს იკავებდნენ უცხოური, განსაკუთრებით იაპონური პროდუქციის შეძენისგან, ვის მიმართ სიძულვილს ღიად და დაუფარავად გამოხატავდნენ. თუმცა, Sony-ს მფლობელებმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინეს გონებამახვილობა და ორიგინალური სარეკლამო კამპანიით მიიპყრეს მომხმარებლის ყურადღება. მორიტამ და იბუკიმ ჯერ ლოგოტიპის S-O-N-Y-ს ნეონით განათებული გიგანტური ასოები წამოჭიმეს, რომელთაც სწრაფად დაიპყრეს ტელეეთერები, მოგვიანებით კი, პრესით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მძარცველებმა Sony-ს 400 რადიომიმღები გაიტაცეს, რითაც კიდევ უფრო გაზარდეს ინტერესი საკუთარი ბრენდის პროდუქციის მიმართ.
* * *
1960 წელს მორიტამ სადემონსტრაციო სალონი გახსნა ტოკიოში, რომელმაც მსურველებს არა მხოლოდ Sony-ის პროდუქციის დათვალიერება, არამედ მოსინჯვაც შესთავაზა მომაბეზრებელი კონსულტანტების გარეშე, რაც მეტად ეფექტური აღმოჩნდა, რადგან მომხმარებელი კიდევ ერთხელ დარწმუნდა კომპანიის პროგრესულობასა და მისი ტექნიკის პრაქტიკულობაში.
1963 წელს Sony-მ ნიუ-იორკის საფოდო ბირჟაზე წარადგინა საკუთარი აქციები და პირველი იაპონური კომპანია გახდა, რომელიც NYSE-ს (New York Stock Exchange-ს) ნუსხაში მოხვდა. მეტიც, Sony ერთგვარ საკულტო ბრენდად იქცა, რომლის პროდუქციის ფლობა, რესპექტაბელურობასა და მაღალ შემოსავალზე მიანიშნებდა.
1982 წელს მორიტა ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების სერტიფიკატით დაჯილდოვდა ინგლისური ენის განვითარებისთვის, რადგან პორტატული აუდიფოლეიერის გამოგონებით სწორედ მან დაამკვიდრა სიტყვა walkman.
* * *
Sony-ს ინოვაციურ გამოგონებებს შორის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა 1964 წელს შექმნილი მაგიდის გამომთვლელი მანქანა (ე.წ.კალკულატორი) და ფერადი კინესკოპური ტელევიზორი, რომლის პრეზენტაცია 1968 წელს შედგა, 4 წლის შემდეგ კი, ამერიკის ნაციონალური კინოაკადემიის პრემია დაიმსახურა.
1975 წელს მორიტამ კიდევ ერთხელ გააკვირვა პუბლიკა, როცა პირველი ვიდეომაგნიტოფონი Betamax VCR შესთავაზა, 1979 წელს კი, მელომანებს გაუკეთა საჩუქარი, რომელთაც პორტატული კასეტის ფლეიერი Walkman უსახსოვრა ყურსასმენებთან ერთად და საყვარელი მუსიკის ნებისმიერ დროს და ადგილას მოსმენის საშუალება მისცა.
სხვათა შორის, ფლეიერის პროექტზე მუშაობისას კოლეგები თავგამოდებით არწმუნებდნენ მორიტას, რომ წამოწყება არ გაამართლებდა, რადგან მინიატიურულ მაგნიტოფონს არ ჰქონდა ჩაწერის ფუნქცია, თუმც გამომგონებელმა, რომელსაც მტკიცედ სჯეროდა წარმატების, პირობა დადო, რომ იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლომდე ფლეიერის 100 ათასი მოდელი არ გაიყიდებოდა, საკუთარი ნებით დატოვებდა პოსტს. მორიტას ინტუიციამ გაამართლა. მეტიც, საბოლოო გაყიდვებმა რამდენჯერმე გადააჭარბა 100 ათასს, Walkman კი, Sony-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქციად იქცა.
1983 წელს კოლეგა კომპანიასთან - Phillips-თან ერთად Sony-მ კომპაქტ-დისკი, 1981 წელს - პირველი ელექტრონული კამერა, 1994 წელს კი, სათამაშო - Sony PlayStation გამოუშვა, რომლითაც არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც გაახარა.