გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისთვის მზადაა. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პოზიცია უცვლელი რჩება და უკრაინა დახმარებას უახლოეს მომავალში მიიღებს. ამასთან, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იქნება რუსეთის ფედერაციის აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები „ხელშეუხებელი რჩება“. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფო იმუნიტეტი, ნამდვილად დაცული იქნება. 24 და 25 მაისს იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მინისტრები შეეცდებიან, რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ.