ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ განაცხადეს, რომ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში მიმდინარე არეულობის გამო მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავებს გაგზავნიან. მედიის ინფორმაციით, ახალი ზელანდიის, საფრანგეთისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს მას შემდეგ, რაც ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ ელოდებოდნენ საფრანგეთის ხელისუფლებისგან ნებართვას, რათა თავიანთი ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის თვითმფრინავები გაგზავნონ. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ახალ კალედონიაში, დაახლოებით, 3 000 ტურისტია ჩარჩენილი, მათ შორის 300-ზე მეტი ავსტრალიელი და 250-მდე ახალ ზელანდიელი. არეულობა საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში, სადაც 270 000 ადამიანი ცხოვრობს, მას შემდეგ დაიწყო, რაც, რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას ხმის უფლების შესახებ. ცვლილებები საფრანგეთის მცხოვრებლებს, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ახალ კალედონიაში ცხოვრობენ, პროვინციულ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს.