აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. როგორც შეხვედრაზე ბლინკენმა განაცხადა, უკრაინისადმი გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარება გზაშია, ნაწილი კი უკვე უკრაინაშია. მისი თქმით, აშშ უკრაინის მხარდაჭერას მტკიცედ აგრძელებს. შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვისა და რეგიონის დასაცავად Patriot-ის კიდევ ორი საზენიტო სარაკეტო სისტემაა საჭირო. მისი თქმით, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ახალი დახმარების დამტკიცებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რადგან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საშუალებები თავდაცვის ძალებისთვის „ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს“.