თქვენ არათუ ევროპაში და ამერიკაში, უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ, ყველგან იქნება თქვენი პორტრეტები გადასმული ხაზით ჩამოკიდებული, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრებს.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ხელისუფლებას „ცივილიზებულ სამყაროში არავინ შეუშვებს“.
„ეს კანონი უკვე გასცდა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული მედიების რეპრესიის საკითხს, ეს კანონი ფაქტობრივად არის ტესტი იმის თაობაზე, ვიქნებით თუ არა, ევროპის ნაწილი, მიგვაქანებს თუ არა „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ორბიტაზე. ეს ისტორიული არჩევანის საკითხია და არა მხოლოდ ერთი კანონის საკითხი. თქვენი დღევანდელი საქციელი, ამ პარლამენტში როგორც ჯოგური თავდასხმების გაგრძელება, უღირსი ადამიანების, უღირსი მამაკაცების ქცევაა, როცა კოლექტივში ხართ მაგარი, როცა გამოენთებით ერთად 30 კაცი. აგერ ქალბატონი მოვიდა და წიგნები ჩასცხო თავში დეპუტატს. ეს არის თქვენი ნამდვილი სახე, ეს არის თქვენი მორალური სახე, თქვენ არავინ არ შეგიშვებთ ცივილიზებულ სამყაროში, სანქციები დაგედებათ, ამასაც ნახავთ! არ ელოდით მოღალატე ფარცხალაძე, თქვენი პროკურორი, რუსეთის აგენტი თუ დასანქცირდებოდა, არ ელოდით არც მოსამართლეების დასანქცირებას და თქვენ გგონიათ, გაგივათ ის, რასაც ახლა სჩადიხართ. თქვენ არათუ ევროპაში და ამერიკაში არ შეგიშვებენ, უბნის მაღაზიაში არ შეგიშვებენ, ყველგან იქნება თქვენი პორტრეტები ჩამოკიდებული გადასმული ხაზით, სიმბოლურადაც და ფიზიკურადაც. კიდევ არის რამდენიმე საათი, კიდევ გაქვთ შანსი, რომ დაფიქრდეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არც ფიქრის უფლება გაქვთ და არც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლება. ბიძინა ივანიშვილმა თქვენ მძევლად დაგიტოვათ და გირაოში ჩაგდოთ შვეიცარიის ბანკში. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაშინ შეხვდებაო, თუ შვეიცარიაში გაყინულ 2 მილიარდს დაუბრუნებენო. საქართველო ფაქტობრივად სავაჭრო ინსტრუმენტად აქვს გამოყენებული მისი ფულის წამოსაღებად...ფაქტობრივად, მთელი პარლამენტი, სახელისუფლებო ვერტიკალი უნდა ბიძინა ივანიშვილს თავისი ფინანსური მიზნების გადასაჭრელად გამოიყენოს. საქართველოს თავისი პოლიტიკური და ფინანსური მიზნების მისაღწევად იყენებს რუსეთის ზურგმომაგრებული, მაგრამ არაფერი გამოგივათ თქვენ“, - განაცხადა გოცირიძემ.