შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავა. საქართველოსა და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე არიან დაკავებულები. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს. დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.