მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან.
„ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.