შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა, საიდანაც, როგორც სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, პოლიციამ ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. უჩა აბაშიძე სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.