აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მათ მიერ შეძენილი მონეტარული ოქრო ეტაპობრივად აისახებოდა ანგარიშზე, რაც აპრილის დასაწყისში დასრულდა. მას შემდეგ ოქროს საერთაშორისო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აპრილის თვეში მთლიანი სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.