* პოლ პოტი -
მართალია, კამბოჯელი „წითელი კჰმერების“ დიქტატურა მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა, მაგრამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კჰმერების ლიდერი პოლ პოტი კი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დიქტატორად იქცა და „აზიელი ჰიტლერის“ სახელით დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში.
* * *
პოლ პოტის ბავშვობაზე ცოტა რამაა ცნობილი, რადგან თავად არ სურდა წარსულის გახსენება. მწირი ინფორმაციის თანახმად, მომავალი დიქტატორი, რომელმაც სალოტ სარის სახელი მიიღო, 1925 წლის 19 მაისს დაიბადა სოფელ პრეკსბაუვში და მერვე შვილი გახდა ადგილობრივი გლეხის სალოტ პეკის მრავალშვილიან ოჯახში.
მართალია, სალოტ პეკი ჩვეულებრივი გლეხი იყო, მაგრამ გაჭირვება არასდროს უგრძნია, რადგან უფროსი ვაჟი მეფის კარზე მსახურობდა, ქალიშვილი კი, სამეფო საბალეტო დასში ცეკვავდა. თავად სალოტი ცხრა წლის იყო, როცა პნომპენში გაამგზავრეს ნათესავებთან, სადაც ჯერ ბუდისტურ მონასტერში სწავლობდა, მერე კი, კათოლიკურ სკოლაში ჩააბარა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა პნომპენის ტექნიკურ სკოლაში გააგრძელა.
* * *
1949 წელს სარიმ სამთავრობო სტიპენდია მიიღო და რადიოელექტრონიკის შესასწავლად გაემგზავრა პარიზში, სორბონას ცნობილ უნივერსიტეტში, სადაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მემარცხენე იდეოლოგია და ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. სწორედ საფრანგეთში შექმნეს კამბოჯელმა სტუდენტებმაც მარქსისტული ორგანიზაცია, რომლის აქტიურმა წევრმა სალოტ სარიმ, კჰმერ დაომის ფსევდონიმით გამოაქვეყნა პირველი პოლიტიკური სტატია „მონარქია თუ დემოკრატია?“, რომლის წყალობით საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანება დაიმსახურა.
პოლიტიკით გატაცებულმა სალოტმა გული აიცრუა სწავლაზე და უნივერსიტეტიც სინანულის გარეშე დატოვა, სამშობლოში დაბრუნებული კი, უფროს ძმასთან დასახლდა და აქტიურად შეუდგა ინდოჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებთან კავშირების ძიებას. სასურველ შედეგს სარიმ სწრაფად მიაღწია, რადგან კამბოჯაში მივლინებული კორესპონდენტის, ჩინელი ფამ ვან ბას ყურადღება მიიქცია და მისგან წაქეზებული ენთუზიაზმით შეუდგა პარტიულ საქმიანობას.
* * *
მართალია, ფამ ვან ბამ ზუსტად დაახასიათა თანამებრძოლი, როცა აღნიშნა, რომ სალოტ სარი „საშუალო შესაძლებლობების, თუმცა ამბიციური და ძალაუფლებას მოწყურებული ახალგაზრდა იყო“, მაგრამ პარტიულ ამხანაგებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ რამდენად ძლიერი იყო მისი სწრაფვა ძალაუფლებისკენ. სარის თავიდანვე შეუფერებლად მოეჩვენა საკუთარი სახელი და „პოლ პოტი“ დაირქვა, რაც ფრანგული politique potentielle-ს შემოკლებული ვერსია იყო და „შესაძლებლობების პოლიტიკას“ ნიშნავდა.
1953 წელს, საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მონარქისტულ კამბოჯას პრინცი ნაროდომ სიანუკი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ჩინეთის მხარდამჭერად ითვლებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა.
მართალია, 1960-იან წლებში, კამბოჯამ უარი თქვა ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე და ოფიციალურად გამოაცხადა ნეიტრალიტეტის შენარჩუნების შესახებ, მაგრამ თვალი დახუჭა ჩრდილოვიეტნამელი პარტიზანების მოქმედებაზე, რომელთაც საკუთარი ბაზების მოსაწყობად გამოიყენეს მეზობელი ქვეყნის ტერიტორია. თუმცა, სწორედ ამგვარი კომპრომისისა და გულგრილობის გამო გამოეპარა ქვეყნის ხელისუფლებას კამბოჯელი კომუნისტების გაძლიერება და მათი თავისუფალი მოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავე პერიოდს დაემთხვა პოლ პოტის პოლიტიკური გააქტიურებაც, რომელმაც დაუბრკოლებლად გაიარა გზა პარტიის რიგითი წევრიდან გენერალურ მდივნამდე.
* * *
პრინცი სიანუკი ძალიან გვიან მიხვდა, რომ კომუნისტების გაძლიერებამ მის მმართველობას შეუქმნა საფრთხე და ჩინელებისგან გულდაწყვეტილმა ჯერ შეერთებულ შტატებს მიმართა მხარდაჭერისთვის, მოღონიერებულმა კი, სასტიკად ჩაახშო 1967 წლის ამბოხი ბატამბანგოს პროვინციაში, რითაც ხელი შეუწყო კამბოჯელი კომუნისტების პარტიზანული ომის დაწყებას და „წითელი კჰმერების“ რაზმების შექმნას, რომელთაც ძირითადად ნაკლებად განათლებული ახალგაზრდა გლეხები გააერთიანეს.
სწორედ დაბალი ინტელექტის მოსახლეობა აქცია პოლ პოტმა მთავარ საყრდენად და საკუთარი მარქსისტული იდეოლოგიაც მათთვის შეცვალა, რადგან თვითონაც გლეხის ოჯახში გაზრდილმა, კარგად იცოდა, რომ მაღალფარდოვანი მოწოდებებით ბევრს ვერაფერს გახდებოდა და ბევრად მარტივი პროგრამა შეიმუშავა, მთავარ ლოზუნგად კი, მონარქისტული წყობის განადგურება და მოსახლეობის ხელახალი აღზრდით გლობალური ბედნიერების მოპოვება აქცია.
* * *
1970 წელს „წითელი კჰმერების“ პოზიციები თავისდაუნებურად ამერიკის მთავრობამაც გააძლიერა, როცა პრინცი სიანუკი ვიეტნამელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში არასაიმედო მოკავშირედ მიიჩნია და სახელმწიფო გადატრიალების ხელშეწყობით ქვეყნის მმართველობა პროამერიკულად განწყობილ პრემიერ-მინისტრს ლონ ნოლის ჩააბარა, რომელმაც თავის მხრივ, კამბოჯას ტერიტორიაზე გაბატონებულ ვიეტნამელებს მოსთხოვა სამხედრო საქმიანობის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ძალის გამოყენებით დაემუქრა, თუმცა საბოლოოდ ისევ თვითონ მოუწია მათი შეტევის მოგერიება. მართალია, რიჩარდ ნიქსონისა და ამერიკელი სამხედროების წყალობით ლონ ნოლიმ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ მოსახლეობის ანტიამერიკულ განწყობასა და „წითელი კჰმერების“ გააქტიურებას ვეღარ მოერია.
* * *
კამბოჯას სამოქალაქო ომში მოუწია ჩაბმა, რადგან ლონ ნოლის რეჟიმმა, რომელიც მხოლოდ ამერიკული არმიის იმედზე იყო, სრულად დაკარგა მოსახლეობის ნდობა, რამაც პრინც სიანუკის ქვეყნიდან გაქცევა აიძულა. სამაგიეროდ გაძლიერდა პოლ პოტი, რომელმაც გავლენასთან ერთად თანამოაზრეებიც სწრაფად შეიძინა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ 1973 წელს, როცა ამერიკამ ჯერ ვიეტნამის ომში განიცადა კატასტროფული მარცხი, მერე ლონ ნოლის სამხედრო რეჟიმს უარი უთხრა მხარდაჭერაზე, „წითელი კჰმერები“ პრაქტიკულად მთელ ქვეყანას აკონტროლებდნენ, მით უფრო, რომ პოლ პოტი, რომელმაც განსწავლულ კომუნისტ ამხანაგებს ნაკლებად განათლებული პროვინციალი მებრძოლები ამჯობინა, არც ძველი კოლეგების ლიკვიდაციას მოერიდა.
1975 წელს, როცა „წითელმა კჰმერებმა“ გადამწყვეტი იერიში მიიტანეს პნომპენზე, ამერიკულმა არმიამ ვეღარ გაუძლო 70 ათასი პარტიზანის შეტევას და საკუთარ მოქალაქეებთან ერთად პროამერიკულად განწყობილი მაღალჩინოსნების ევაკუაციაც მოუწია, ამერიკელებმა ბეწვზე გაასწრეს პოლ პოტს, რომელმაც აპრილის თვეში დაიკავა დედაქალაქი.
* * *
სახელის შეცვლის შემდეგ პოლ პოტმა არც ქვეყანა დაინდო და კამბოჯა კამპუჩიად აქცია, თუმცა ეს, დიქტატორის ყველაზე უწყინარი რეფორმა აღმოჩნდა. „ქალაქი - ცოდვის სავანეა და შეუძლებელია მისი გარდაქმნა, თუმცა შეიძლება ხალხის შეცვლა, რომელიც დაუღალავი შრომით - ჯუნგლების გაკაფვითა და ბრინჯის დათესვით საბოლოოდ მაინც გაიაზრებს საკუთარ დანიშნულებას და მიხვდება ცხოვრების ჭეშმარიტ აზრს“, - სწორედ ასე ჟღერდა „წითელი კჰმერების“ ლიდერის მთავარი ლოზუნგი, რომელმაც სამ დღეში გაასახლა პნომპენის 2 მილიონი მოსახლე, არ დაინდო არც ბავშვები, არც მოხუცები და ყველა იძულებით გაამწესა უმძიმეს სამუშაოზე, ქალაქში კი, 20 ათასამდე სამხედრო, ადმინისტრაციული აპარატის თანამშრომელი და ე.წ. დამსჯელი ორგანოს აღმასრულებელი დატოვა, რომელთა მთავარ მოვალეობას უკმაყოფილოთა გამოვლენა და სასტიკი დასჯა წარმოადგენდა.
პნომპენის ბედი გაიზიარეს სხვა ქალაქებმა და იმ დასახლებებმა, რომლებიც ლონ ნოლის მხარდამჭერებად ითვლებოდნენ, ისინი კი, ვინც ძველი რეჟიმის ჯარში ან სახელმწიფო სამსახურში მსახურობდა, მასიურად განადგურდნენ.
პოლ პოტმა სრულ იზოლაციაში მოაქცია ქვეყანა და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მსოფლიოს, მათ შორის მეზობელ ქვეყნებს წარმოდგენა არ ჰქონდათ რა ხდებოდა კამბოჯაში. მართალია, ვრცელდებოდა ინფორმაცია ასი ათასობით დახვრეტილ, გადასახლების ან იძულებითი სამუშაოების დროს დაღუპულ კამბოჯელზე, მაგრამ სამყაროს არ სურდა ზედმეტად თავის ატკივება და მსგავსი სისასტიკის დაჯერება.
* * *
საერთო არეულობამ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჯერ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის „დაათბო“ ურთიერთობა, მერე ჩინეთი და მასზე ორიენტირებული კამბოჯა დაუპირისპირა ვიეტნამელებს, რომელთაც თავის დროზე თანამოაზრეებად მიიჩნევდა საერთო ბრძოლაში. პოლ პოტმა უარი თქვა ინტერნაციონალიზმის იდეაზე და ფსონი ნაციონალიზმზე გააკეთა, რომელიც მანამდეც პოპულარობით სარგებლობდა კამბოჯელ გლეხებში, თუმცა ვიეტნამელთა დევნა მალე შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რადგან „წითელი კჰმერები“ სისტემატურად იჭრებოდნენ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე და სასტიკად უსწორდებოდნენ ადგილობრივებს სასაზღვრო რაიონებში.
პოლ პოტი, რომელიც პეკინის ძლიერ მხარდაჭერას გრძნობდა, მანამდე იმუქრებოდა ვიეტნამის განადგურებით, სანამ მისმა პოლიტიკამ ყოფილ მოკავშირეებთან ერთად ერთგული სამხედროებიც არ მოიმდურა, რომელთაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გაუმართლებელ სისასტიკედ შეაფასეს.
* * *
1978 წლის დეკემბრის თვეში ვიეტნამის ხელისუფლებამ მოთმინება დაკარგა და კამბოჯაში შეიჭრა პოლ პოტის რეჟიმის დასამხობად. კარგად ორგანიზებულმა ოპერაციამ სწრაფად გამოიღო შედეგი, რადგან 1979 წლის 7 იანვარს პნომპენი დაეცა, მმართველობა კი, მანამდე შექმნილ „კამბოჯას გადარჩენის ერთიან ნაციონალურ ფრონტს“ გადაეცა. მართალია, მოკავშირის შველა ჩინელებმა სცადეს ვიეტნამზე თავდასხმით, მაგრამ ვერც გამარჯვება მოიპოვეს, ვერც პოლ პოტს დაუბრუნეს დაკარგული ძალაუფლება.
„წითელი კჰმერები“, რომელთაც მარცხის შემდეგ ქვეყნის დასავლეთისკენ, ტაილანდის საზღვრისკენ გადაინაცვლეს, სრული განადგურებისგან ისევ ჩინეთმა, ტაილანდმა და შეერთებულმა შტატებმა იხსნეს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებდნენ და უარი თქვეს იმ საზარელი რეალობის მიღებაზე, რომელიც 1983 წლის 25 ივნისს, პოლ პოტის დანაშაულებრივი რეჟიმის საგამოძიებო კომისიამ გაასაჯაროვა.
როგორც აღმოჩნდა, პოლ პოტის და „წითელი კჰმერების“ თითქმის ოთხწლიანმა მმართველობამ კამბოჯა შუასაუკუნეების ფეოდალურ ქვეყნად აქცია და 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა შორის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი მოხვდა - რიგითი გლეხებით, მუშებითა და ბუდისტი ბერებით დაწყებული, საჯარო მოსამსახურეებით, ინტელექტუალებითა და უცხოელებით დასრულებული. ამასთანავე, რამდენიმე ათასი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ან ჯუნგლებში დაღუპულად ითვლება.
* * *
მართალია, 1979 წლის 19 აგვისტოს პნომპენში მოწყობილმა სახალხო-რევოლუციურმა ტრიბუნალმა პოლ პოტს უახლოეს თანამოაზრესთან იენგ სარისთან ერთად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, მაგრამ განაჩენის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან ხელისუფლებასთან ბრძოლა დიქტატორმა ჯუნგლებს თავშეფარებულმა გააგრძელა. მეტიც, როცა კამბოჯაში მრავალწლიანი სამოქალაქო ომის დასრულების იმედით ეროვნული შერიგების პროცესი დაიწყო, „წითელი კჰმერების“ ახალმა თაობამ კი, უარი თქვა ოდიოზური „გურუს“ საკუთარ ლიდერად ცნობაზე, რამაც მოძრაობის ორად გახლეჩა გამოიწვია, პოლ პოტმა ისევ ტერორს მიმართა ურჩთა დასაშოშმინებლად, ძველი მოკავშირის, კამბოჯას თავდაცვის მინისტრის სონ სონის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა და მასთან ერთად მთელი მისი 13-წევრიანი ოჯახი გაანადგურა მცირეწლოვანი ბავშვების ჩათვლით. მართალია, სასტიკ დიქტატორს სამუდამო პატიმრობის განაჩენი ახლა უკვე მოკავშირეებმა გამოუტანეს, რომელთაც ყოფილი ლიდერი ღალატში დაადანაშაულეს, თავად კი, ხელისუფლებას ჩაბარდნენ, მაგრამ პოლ პოტმა ისევ მოახერხა გაქცევა და საიმედოდ დამალვა.
* * *
კაცობრიობის ისტორიის ყველაზე სისხლიანი დიქტატორი 1998 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, მას გულმა უმტყუნა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის, ერთ დროს ერთგულმა მოკავშირეებმა მოწამლეს. კამბოჯის ხელისუფლება დიდხანს მოითხოვდა „წითელი კჰმერებისგან“ გარდაცვლილის ცხედრის გადაცემას, რათა ერთის მხრივ დარწმუნებულიყო, მეორეს მხრივ კი, თავად დაედგინა სიკვდილის მიზეზი, თუმცა პოლ პოტის დაკრძალვის ადგილი არავინ გაამხილა და დღემდე უცნობია.