“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კრიტიკულად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ამ ფორმით უწყებები პროტესტის ჩახშობას, ასევე ახალგაზრდებისა და მათი მშოვლების დაშინებას ცდილობენ, რისთვისაც არადემოკრატიულ და ძალადობრივ გზებს მიმართავენ. რაც შეეხება მოწოდებების შინაარსს, 8 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სუს-ი აღნიშნავს, რომ გარკვეული ჯგუფები აქციების პარალელურად პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, უწყება კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ზომებს მიიღებს.