ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატმა, გორდანა სილიანოვსკამ ხმათა 40% დააგროვა, ხოლო ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ, რომელიც მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ წარმოადგენს, თითქმის 20% მიიღო. ჩრდილოეთ მაკედონიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7:00 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათამდე გაგრძელდება. სახელმწიფო საარჩევნო კომისია შედეგების გამოცხადებას მიმდინარე დღის საღამოს საათებში დაიწყებს.