ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ვებგვერდზე თავად ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ლომთაძე, ედუარდ ვიშნიაკოვსა და დენ რაისთან ერთად კლუბის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა. ცნობისთვის, Wycombe Wanderers-ი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, ბუკინგემშირში 1887 წელს დაფუძნდა. კლუბის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 8.4 მილიონ დოლარს შეადგენს.
გავრცელდა ლომთაძის მიმართვაც, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია, რათა ერგო შესაძლებლობა, კლუბი წინ წაწიოს და მისი წარმატებული მომავლის ნაწილი იყოს. „ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით. საფეხბურთო სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და ჩვენი პრიორიტეტი იქნება მონაცემთა ანალიტიკისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება კლუბის მუშაობის ახალ დონეზე გადასაყვანად. მე ასევე მჯერა ახალგაზრდების განვითარების - ეს იქნება კლუბის ძირითადი ხედვა“, - განაცხადა მიხეილ ლომთაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Kaspi.kz-ის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის მფლობელია. ის Bloomberg-ისა და fobres-ის მილიარდერთა სიაში გვხვდება. ამ დროისთვის ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 532-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 5.7 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგს, აქ ლომთაძე 6.19 მლრდ დოლარის ქონებით 459-ე პოზიციაზეა.////