საქართველო, რომელიც თავად არის ღვინის აკვანი და მწარმოებელი ქვეყანა, წელს რეკორდული ღირებულების ღვინო შემოიტანა.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირველ კვარტალში ქვეყანამ მილიონ 169 ათასი დოლარის ღვინო იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ღვინის ჯამური ღირებულება ერთ მილიონ დოლარს მცირედით აჭარბებდა.
წლევანდელი მაჩვენებელი ყველაზე დიდია ისტორიაში, რასაც ვერ ვიტყვით ღვინის მოცულობაზე. იმპორტირებული ღვინო ყველაზე დიდი მოცულოლბით 2022 წელს შემოვიტანეთ. მაშინ საქართველომ 21,6%-ით მეტი, 192 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო იყიდა, მაგრამ უფრო დაბალ ფასად. 1 ლიტრის საშუალო ღირებულება - 4.87 დოლარს შეადგენდა, წელს კი 7.40-მდე არის გაზრდილი, რაც დაახლოებით 52%-ით მეტია. საქსტატის მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, დაახლოებით 65 ტონა ღვინო იტალიაში შევიძინეთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 31,3%-ია. უმნიშვნელოდ, 0.4 დოლარით დაიკლო ერთი ლიტრის ფასმა. მეორე ადგილს რუსეთი იკავებს - 42,98 ტონით, მესამე და მეოთხე ადგილს კი საფრანგეთი და ესპანეთი ინაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი მოცულობის მიხედვით მესამეა, იმპორტირებული ღვინის ღირებულების თვალსაზრისით ლიდერია. 1 ლიტრი ფრანგული ღვინის ფასი 20 დოლარი 41 ცენტია და ყველა სახვა ქვეყნის ღვინოების საშუალო ფასს დაახლოებით 3,5-ჯერ აღემატება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შარშადელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საფრანგეთიდან ღვინის იმპორტის მოცულობა თითქმის გაორმაგებულია. 2023 წლის პირველ სამ თვეში საფრანგეთისგან 11 ტონა ღვინო მივიღეთ, წელს 21,5 ტონა. ამ ქვეყნეებს შორის, ყველაზე იაფად ღვინოს რუსეთისგან ვყიდულობთ, 2024 წლის პირველ კვარტალში 1 ლიტრის ღირებულება 2,68 დოლარი იყო. მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ საქართველო ღვინოს მეზობელი სომხეთისგანაც ყიდულობს. შარშან, წლის განმავლობაში, იმპორტი 17 ტონამდე იყო.