უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში ოკუპანტებმა უკრაინაზე 3 სარაკეტო და 70 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 116-ჯერ გაისროლეს. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი ხარკოვისა და სუმის ოლქებზე თავდასხმისთვის ემზადება და სავარაუდოდ ამ ოპერაციებისთვის ჯარების რაოდენობას გაზრდის. როგორც უკრაინის ხელისუფლებაში ამბობენ, რუსების წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერი იქნება უკრაინის თავდაცვა დონბასში. მათივე პროგნოზით, რუსეთის მთავარი შეტევა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში დაიწყება. ამავდროულად, რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქსა და ყირიმში 6 უკრაინული დრონი გაანადგურეს. აქედან 5 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდში, ერთი კი ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე განადგურდა.