თურქეთმა ისრაელთან ვაჭრობა შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად თურქეთმა ისრაელის შეტევის გამო, ღაზას სექტორში გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება დაასახელა. ვაჭრობის შეჩერება ყველა პროდუქტს მოიცავს, ზომები კი ძალაში იქამდე დარჩება, სანამ ისრაელი ღაზაში დახმარების უწყვეტი და საკმარისი ნაკადის გატარებას არ დაუშვებს. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი დიქტატორის მსგავსად იქცევა. მისი მტკიცებით, ერდოღანი ამ ნაბიჯით თურქი ხალხისა და ბიზნესმენების ინტერესებს, ასევე საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებებს უარყოფს. გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.