საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენცია გამართა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ განმარტა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება აუცილებელია. მისი თქმით, აქციების მიუხედავად მთავრობა ამ კანონს მაინც გაიტანს, იქნება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში წლობით ქვეყანა პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან იქნება დაცული. კობახიძის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ. მისივე თქმით, 2020 წლიდან „ენჯეოების“ „აქტიური მონაწილეობით რევოლუციის ორ წარუმატებელი მცდელობას ჰქონდა ადგილი“. პრემიერმა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელშიც ეს უფლება განუხრელად არის დაცული. ირაკლი კობახიძის განცხადებით მიტინგს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი ჰქონდა, რაც გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით. პრემიერმა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დაზიანებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ძალადობას ახალისებდა და იწონებდა .