საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი გახსნა, რომლის მიზანი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მარნეულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების უზრუნველყოფა და ეთნიკური უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობაა. უწყების განმარტებით ცენტრი წლის ბოლომდე 2 000-მდე მსმენელს მოემსახურება და მიმდინარე სასწავლო პროცესში 12-ი ტრენერი იქნება ჩართული. მარნეულის სასწავლო ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულებამ 150 700 ლარი შეადგინა.