პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამშრომლები, ამავე დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებით და ხელშეწყობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, "კუდ"-ის თანამშრომლები როინ შავაძეს ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. ძალადობის შედეგად როინ შავაძემ სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. ღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 10 პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის და მხილების მიზნით გრძელდება.