გორის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო მოკლევადიანი კურსი იწყება. კურსი განკუთვნილია, როგორც ქალაქ გორში, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის, რომელთაც სურთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას. მსურველები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. კურსის ფარგლებში, მონაწილეები პირველადი სამედიცინო გადაუდებელი დახმარების საფუძვლებს შეისწავლიან და შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, „D“ კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე ქალებს შეეძლებათ ავტობუსის მძღოლად, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სატრანსპორტო კომპანიებში დასაქმდნენ.