1. საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ დამტკიცებულ კანონპროექტს აპროტესტებენ ოპოზიციონერი დეპუტატები. მათი თქმით, ხელისუფლებას ქართველი ხალხის ძარცვის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით სურს. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ქვეყანაში შავი ფულის მარტივი შემოტანისთვისა და ოლიგარქების დასაცავად მიიღო. უმრავლესობის წევრები კი კანონპროექტის მიზნობრიობას სამოქალაქო სექტორში, უცხოეთიდან შესული არარეგისტრირებული თანხის გამჭვირვალობას უკავშირებენ. ანალოგიური კანონი კი მათი თქმით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც მოქმედებს.