თუ ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლონეთი მზადაა ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსებას დათანხმდეს. პარალელურად, რუსეთი ბელარუსსა და კალინინგრადში შეიარაღებას აძლიერებს. პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთსა და აშშ-ს შორის ბირთვული თანამშრომლობის შესახებ დისკუსია გარკვეული პერიოდია გრძელდება. ანჯეი დუდა პოლონურ მედიას ნიუ-იორკში ვიზიტის შემდეგ ესაუბრა, სადაც გაერო-ში შეხვედრები გამართა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან უკრაინის ომის საკითხი განიხილა. დუდა მარტში ვაშინგტონს ეწვია, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა.