თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.