პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას არ აქვს იმედი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ დაპირისპირებას ობიექტურად გამოიძიებს. ელისაშვილის თქმით, მან პოლიციელებს აუხსნა, რომ მისი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, რადგანაც სადეპუტატო მანდატი იცავდა, რაზეც პოლიციამ უპასუხა, რომ ეს იყო არა დაკავება, არამედ განრიდება. ელისაშვილის განმარტებით, რეალურად ეს იყო დაკავება და დაკავების ოქმიც პოლიციას შედგენილი აქვს.