თქვენ ძალიან მტკიცედ და ფოლადისებური ხმით ისაუბრეთ, თუ როგორ დაიცავთ პოლიციელების ღირსებას ყველა მომიტინგისგან, მტკიცე იყავით, როცა თქვით, რომ პოლიციელების უფლებებს მომიტინგეები არღვევდნენ, მაგრამ რატომ არა გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ და წიხლებს ურტყამენ! - ეს არის ძალადობის წახალისება და თუ ხვალ ალეკო ელისაშვილს რაიმე დაემართება, ეს თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება! - ამ განცხადებით მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მყოფ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს დეპუტატმა თამარ კორძაიამ.
კორძაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელებს თმენის ვალდებულება აქვთ.
“საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ მედიასთან თქვა: - როგორ დავაკავებდით ალეკო ელისაშვილს, დეპუტატია და ამის უფლება არ გვაქვსო. ვაჟა სირაძემ ძალიან კარგად იცის, რომ პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არა აქვს, მაგრამ ამის შემდეგ ვნახეთ კადრები, როგორ ურტყამენ ადამიანს წიხლებს, რომელსაც შეიძლება მძაფრი პოლიტიკური გამოხატულება ჰქონდა, მაგრამ წიხლებს ურტყამდნენ, შეათრიეს, მერე არ აკმარეს და ძალით ჩატენეს მანქანაში და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ გომელაურის მისამართით.
შს მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. გომელაური ოპოზიციამ პარლამენტში ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით დაიბარა.