ინდოეთში არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც მე-18 მოწვევის პარლამენტის ქვედა პალატის - ლოკ საბჰას შემადგენლობას განსაზღვრავს. ამომრჩევლები ქვედა პალატის 543 წევრს აირჩევენ, კიდევ ორს კი - პრეზიდენტი წარადგენს. მმართველობისთვის პარტიას ან კოალიციას 272 მანდატი სჭირდება. მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემა დაახლოებით 970 მილიონ ამომრჩეველს შეუძლია, 6 კვირის განმავლობაში გაიმართება. საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის "ინდოეთის სახალხო პარტია" ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარ ალიანსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში მოდი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მესამე ვადით დაიკავებს.