პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონკრეტული „ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, ასევე სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციაში.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, „ენჯეოების“დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ პროპაგანდაში უხეში ფორმით მონაწილეობა.
„სამწუხაროდ, „ენჯეოები“ ღიად არიან ჩართული ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საკმაოდ უხეში ფორმით წარმოებს. საქართველოში, რა თქმა უნდა, ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული და აქ საქმე არ ეხება უფლებების დაცვას, ეს არის უხეში ლგბტ პროპაგანდა , რაშიც ჩართული არიან კონკრეტული „ენჯეოები“ . დარწმუნებული ვარ, რომ დაფინანსება გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, მათ გაუჭირდებოდათ ამ პროპაგანდაში ასეთი უხეში ფორმით მონაწილეობა და გაუჭირდებოდათ საკუთარი დონორების რეპუტაციას, მათ მოუწევდათ გაუფრთხილდებოდნენ სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერებს.
შემდეგი საკითხი, რაც გვაწუხებდა, ამაზეც ღიად გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება ჩვენს პარტნიორებს: კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართული იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიდაგა ზიანი, მაგალითად, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესებს, აქაც კონკრეტული „ენჯეოები“ იყვნენ ჩართულნი. მგონია,რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი რომ ყოფილიყო, „ენჯეოებს“ ძალიან გაუჭირდებოდათ ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონერებს.
შემდეგი საკითხი - სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემური მცდელობა. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყვნენ სასამართლო და პოლიცია. თითქოს, ამ ხალხს არ უყვარს სტიგმატიზაცია, გახსოვთ როგორი უხეში , საბჭოური მეთოდით ცდილობდნენ ამ ინსტიტუტების სტიგმატიზაციას. მათ კარგად იციან, რომ თუ გინდა სახელმწიფო ჩამოშალო პირველ რიგში სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა შეარყიო, აქედან გამომდინარე ეს „ენჯეოები“ თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ცდილობდნენ სტიგმატიზაციას , რეპუტაციის შელახვას. აქაც ვიტყვი დაფინანსება გამჭვირვალე, რომ ყოფილიყო და მაშინ ემოქმედა კანონს, მგონია, რომ „ენჯეოები“ ასე ღიად სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ და არც დონორებს ჩააყენებდნენ უხერხულ მდგომარეობაში“, - განაცხადა კობახიძემ.