რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20 პროცენტს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ - „ალტ-ინფო“, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები. ერთადერთი პრორუსული ორგანიზაცია, რომელიც აქამდე აქტიურობდა, მასაც აქვს ეგზისტენციური პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 12 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები მინიმუმამდე შემცირებულიყო.
„შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს ჩვენ რეალურად მივაღწიეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ბუნებრივია, ჩვენ დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები არაერთი სხვა მიმართულებითაც, შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში. ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, ობიექტური მიზეზების გამო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დაპირებების მიუხედავად, ამ დრომდე გამჭვირვალობა არ იქნა უზრუნველყოფილი.
„რაც შეეხება დასავლეთს - ამაზე იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ განვიხილავთ მტრად დასავლეთს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე.
ჩვენ ღიად ვსაუბრობდით თავიდანვე გარკვეულ მანკიერ გამოვლინებებზე, რაც გვაწუხებდა და ღიად ვუზიარებდით ამაზე შეხედულებებს ჩვენს პარტნიორებს. ამის საფუძველზე ჩვენ აბსოლუტურად ღიად, შეხვედრებზე, ვთხოვდით ჩვენს პარტნიორებს, რომ მათი საქმიანობა გამხდარიყო გამჭვირვალე. იყო პირვანდელი დაპირებები, თუმცა სამწუხაროდ, ამ პირვანდელი დაპირებების მიუხედავად, მაინც არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.