„პალიტრა მედია“ 18 აპრილს 29 წლის ხდება. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი იყო ტრადიციული საზეიმო ღონისძიება, რომელშიც თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო ჰოლდინგის მრავალრიცხოვან გულშემატკივარსაც.
თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არაორდინარული ვითარებაა შექმნილი. პარლამენტში განსახილველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაბრუნებამ, პოლიტიკური ვითარება დაძაბა. საზოგადოების ნაწილი მძაფრ პროტესტს მიმართავს. თავის მხრივ, ამ ეტაპზე უკან დახევას არც კანონპროექტის ინიციატორები აპირებენ.
ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ვთვლით, რომ საღი აზრისა და კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება კომპრომისული ვარიანტის მოძებნა ისე, რომ არც მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და არც ევროინტეგრაციას არ შეექმნას საფრთხე.
„პალიტრა მედიას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არც პირდაპირ და არც ირიბად არ ეხება. ჰოლდინგი არანაირ დაფინანსებას არ იღებს, მათ შორის - უცხოეთიდან და, შესაბამისად, კანონის ამოქმედების შემთხვევაში, არც „უცხოური გავლენის“ რეესტრში დარეგისტრირება ან დეკლარაციის შევსება არ მოუწევს.
თუმცა არც ერთმა კანონპროექტმა, ინიციატივამ თუ ქმედებამ არ უნდა შეაფერხოს ის, რისთვისაც ჩვენს ქვეყანაში თაობები იბრძოდნენ და 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული (78-ე მუხლი) - ევროინტეგრაცია. ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „პალიტრა მედია“ 29 წლის თარიღთან დაკავშირებულ ოფიციალურ საზეიმო ღონისძიებას აუქმებს.
თავის მხრივ, „პალიტრა მედია“ გააგრძელებს იმ გზას, რასაც ამ 29 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა - მაყურებლისთვის, მსმენელისთვის და მკითხველისთვის მართალი, ობიექტური, დაბალანსებული და მრავალფეროვანი ინფორმაციისა თუ ანალიზის მიწოდებას.