დიახ, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, რომლისკენაც ასე ძალიან მოუწოდებდით თქვენ, არ იქნება ცხელი ბომბები საქართველოს თავზე, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ასე ძალიან გსურთ ეს დაინახოთ. საქართველოს გზა ევროპაშია და ევროპაში ვიქნებით კიდევაც, - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ტყუილია, რომ კანონი, რომელიც მიიღეს ევროპაში, შეეხება მხოლოდ რუსეთს და ჩინეთს და არ შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ ქვეყნებს და აღნიშნა, რომ როდესაც შენი მეგობარი და პარტნიორი ისეთ რამეს აკეთებს, რაც შენ ინტერესში არ შედის, შენ ის უნდა ამხილო, თუნდაც ეს პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები იყოს.
„მთელი ეს დღეები ლაპარაკობთ, რომ კანონი, რომელიც მიიღეს ევროპაში შეეხება მხოლოდ რუსეთს და ჩინეთს და არ შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ ქვეყნებს - ეს არის ტყუილი. მე გეტყვით თქვენ, როდესაც საფრანგეთმა მიიღო კანონი, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის იურიდიულ კომიტეტთა თავმჯდომარემ ბატონმა საშა ულიემ ჩამოთვალა ქვეყნები ვისაც ეს შეეხება, დაასახელა რუსეთი, დაასახელა ჩვენი მეგობარი და მეზობელი აზერბაიჯანი, დაასახელა კატარი, დაასახელა აშშ და თქვა შემდეგი სიტყვები: „ზოგჯერ სამწუხაროდ ამერიკა გვევლინება ძაან ცუდ პოზიციაზე, როგორც ჩვენი პარტნიორი, ის ცდილობს დესტაბილიზაციას და დაპირისპირებას ჩვენს საზოგადოებაში“. აი ეს არის, რომ როდესაც შენი მეგობარი და პარტნიორი ისეთ რამეს აკეთებს, რაც შენ ინტერესში არ შედის, შენ ის უნდა ამხილო. ამისთვის გვჭირდება გამჭვირვალობის კანონი“, - განაცხადა სუბარმა.
სუბარმა აღნიშნა, რომ „როდესაც მოლოტოვის კოქტეილის სროლა პოლიციელებისთვის ცხადდება გმირობად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ის მეგობარი, ვინც ამას აფინანსებს. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა „გამჭვირვალობის კანონი“ და ეს არის ევროპული კანონი, ზუსტად ისეთი კანონი, როგორიც მოქმედებს აშშ-ში, ევროპის ბევრ ქვეყანაში და როგორსაც ახლა იღებს ევროკავშირი“.
„აშშ არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, აშშ არის უკრაინის სტრატეგიული მეგობარი, მაგრამ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენმა თქვა „თუ გადავხედავთ იმ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ უკრაინის თავდაცვაში ამ აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ დავინახავთ, რომ უსაფრთხოების დახმარების 90% რეალურად დაიხარჯა აქ აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებთან, ჩვენს წარმოებაში და ამან შექმნა მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, მეტი ზრდა ჩვენს ეკონომიკაში, ასე რომ ეს იყო მომგებიანი ინვესტიცია და ეს უნდა გავაგრძელოთ“ - ეს განაცხადა ენტონი ბლინკენმა და დიახ აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ომი ძალიან აწყობთ ამერიკის მწარმოებლებს. ზუსტად იგივე თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, პენტაგონის უფროსმა ლოიდ ოსტინმა, მან თქვა, რომ „შეიარაღება, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ უკრაინაში, რათა თავი დაიცვას, იწარმოება ამერიკაში და ეს ყველაფერი ეხმარება ამერიკულ მოსახლეობას ტეხასიდან ოჰაიომდე და არიზონამდე“. ამიტომაც, დიახ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ამ ქვეყანაში, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ომში ჩათრევისგან, რომლისკენაც ასე ძალიან მოუწოდებდით თქვენ, არ იქნება ცხელი ბომბები საქართველოს თავზე, მიუხედავად იმისა რომ თქვენ ასე ძალიან გსურთ ეს დაინახოთ. საქართველოს გზა ევროპაშია და ევროპაში ვიქნებით კიდევაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.